საზოგადოება
გალის შეხვედრები აღდგება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში დასრულებულ საერთაშორისო კონსულტაციების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა პატიმრების გაცვლაც.

საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყურადღება გამახვილდა სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებსა და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვაზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი 2016 წლის 14-15 ივნისს გაიმართება.