სამართალი
„საკვირველია, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები არიან ბურჯანაძე და ინაშვილი, მემარცხენე ალიანსისთვის“ ნაციონალების სატელიტებთან ერთობლივი საქმიანობა წარმოუდგენელია“ - ჯიბლაძე

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე საარჩევნო სისტემაში ცვლილებების მოთხოვნით ინტერფრაქციულ ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილის დაკარგვას „ნაციონალების სატელიტებს“ უკავშირებს.

 ჯიბლაძე ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილსა და ინტერფრაქციული ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს უწოდებს.

 "20 წელია ვსაუბრობთ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა უნდა იქნას შეცვლილი. ყოველთვის ვამბობდით, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმებულიყო. აუცილებლად რეგიონულ-პროპორციული და პროპორციული სისტემით უნდა მიმდინარეობდეს არჩევნები და დღეს, როცა ისინი ითხოვენ ამას და ქულების დასაწერად იკრიბებიან, ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, ვინაიდან თავად ხარატიშვილი მერაბიშვილისა და სააკაშვილის მიერ იყო დანიშნული. მას არასდროს გაუპროტესტებია არსებული საარჩევნო სისტემა. ასევე, პაატა დავითაიასაც როგორც კი ვიცე სპიკერი გახდა, ეს თემა საერთოდ დაივიწყა. ჩემთვის ცოტა საკვირველია, რომ ამ ჯგუფის წევრები არიან ნინო ბურჯანაძე და ასევე „პატრიოტთა ალიანსი“. ჩვენთვის, „მემარცხენე ალიანსისთვის“ ნაციონალებთან ერთად რაიმე საქმიანობის განხორციელება წარმოუდგენელია“, - განაცხადა  პაატა ჯიბლაძემ „პირველ პრესკლუბში“.