სამართალი
პაატა ჯიბლაძე: „უნდა აღდგეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუქმებული უშიშროების აკადემია და გაერთიანდეს პრეზიდენტსა და პრემიერთან არსებული უშიშროების საბჭოები“

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. „მემარცხენე ალიანსი“ ბელგიელ ხალხს და მთავრობას ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების გამო სამძიმარს უცხადებს.

 "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივნის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები, რომ უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ კონტროლზე იყოს აყვანილი. „უნდა გახორციელდეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის კორექტირება, ასევე, აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების ერთიანი კოლეგიალური მმართველობითი სტრუქტურის შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რითაც დამთავრდება ჯერ კიდევ არსებული დაპირისპირება უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოებს შორის; აუცილებელია სუს-ის დაქვემდებარებაში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გადაცემა, რითაც შეიქმნება უსაფრთხოების ერთიანი, მწყობრი სისტემა; სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუქმებული უშიშროების აკადემის აღდგენა უნდა მოხდეს, სადაც დასაქმდებიან სააკაშვილის მმართველობის დროს სამსახურებიდან უსამართლოდ გაყრილი პროფესიონალი კადრები. ეს საკითხები აუცილებელია, გადაწყდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაცული იყოს", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ "პირველ პრესკლუბში".