აქტუალური
ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრება

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაეროში მირიან ფოფხაძეს შეხვდა. მირიან ფოფხაძე თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით თბილისში საგანგებოდ გამოიძახა. თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელს აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები და პროცედურები გააცნო.

 ამ დროისთვის უკვე შერჩეული არიან დამოუკიდებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული და ომის სამართლის ექსპერტები, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად საგამოძიებო ჯგუფის წევრების სტატუსით გაემგზავრებიან. საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტის თარიღს გაეროს წარმომადგენლები დააზუსტებენ.

 თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია. ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებული საქმის  გამოძიებას ანა დოლიძე კურატორობს.