სამართალი
შს მინისტრის ვიზიტი ბელარუსში გრძელდება

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. მინსკში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალურ დანაყოფ „ალმაზს“ ეწვია. შს მინისტრი დანაყოფის დირექტორს ვიქტორ ზურაევს შეხვდა და ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო.

გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის პოლიციის აკადემიასაც ეწვია, სადაც მას აკადემიის წარმომადგენლებმა სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ვიზიტის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბელარუსის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა და მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.