საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. შეხვედრაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, საუბარი მეცნიერების სფეროში არსებულ პრობლემებს და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
შედგა სამეცნიერო ჟურნალ "ქართული პოლიტიკის" იმ ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს აგრარული პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებს ეხება.
გელა სამხარაულის განცხადებით, ხელისუფლებისათვის აგრარული სექტორის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტია და სფერო, სადაც რეალურად შედეგები გვაქვს, გარკვეულწილად მედიასივრცის ყურადღების მიღმა რჩება. ამდენად სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის საზოგადოების ფართო მასებამდე მივიდეს.
„წლების მანძილზე პოლიტიკური პროცესებმა ბევრი კარგი რამ შეიწირა, მათ შორის ქართული მეცნიერებაც - გაუქმდა ბევრი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გასხვისდა ქონება. მეცნიერების უგულებელყოფა გამოუსწორებელი შეცდომა იყო. მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ სამომავლოდ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს მეცნიერების აღორძინებისათვის, რადგან ცოდნის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მდგრადი განვითარება“ - განაცხადა გელა სამხარაულმა. თავის გამოსვლაში მან აქცენტები სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ბიოწარმოების პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში ჩვენ გავაერთიანეთ ძალები, სადაც ჩართულია უკვე სამეცნიერო მიმართულებები, გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, რათა მთელი ცოდნა, რომელიც ამ დარგში არსებობდა, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მეცნიერული თვალსაზრისით, დარგის გაძლიერება გვჭირდება და მეცნიერება არის სწორედ დარგის სწორი განვითარების ფუნდამენტი“.
სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ამ პროცესში მეცნიერული კვლევების აუცილებლობაზე, ვრცლად ისაუბრეს მეცნიერებმა. გოგი თოფაძის შეფასებით, დღეს, როდესაც მსოფლიოში უსაფრთხო პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია საქართველოს შეუძლია ამ სეგმენტში თავისი სიტყვა თქვას.
შეხვედრაზე მეცნიერები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.