საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას. პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სესილია მალმსტრომს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.