პოლიტიკა
„ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო და არის ქართველი ხალხის არჩევანი“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ამ განცხადებით დაიწყო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ესწრებოდა.

 „ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობის გაზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ ინტეგრაციას და საქართველოში ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის დამკვიდრებასაც. გარდა ამისა, ამ პროცესის შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონებთან“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა. 

 შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა.  მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე 18 თვეა ამოქმედებულია და ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვა. "ეს დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა სესილია მალმსტრომმა.