საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. გიორგი დგებუაძის, იგივე მასტერას თბილისში ექსტრადირება ჰოლანდიიდან გვიან ღამით მოხდა.
საქართველოს პროკურატურამ ჰოლანდიაში მოთხოვნა დგებუაძის საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით თითქმის 2 წლის წინ გაგზავნა, თუმცა ნიდერლანდელმა სამართალდამცველებმა ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილეს.
მასტერა პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.
გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება.
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა.