პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: “წადით, ეძებეთ”

 იქნებ მაჩვენოთ და გამაცნოთ კაცი ისეთი,
მღვრიე დინებას არა ჰგავდეს მარტო ის ერთი.
დღეს პოსტის სურვილს მონადა ჰყავს მცირე და დიდი.
წახდა სიმშვიდე, დაეფინა გონებას ბინდი.
ბადალი არ ჰყავთ მაღლა ასვლის მუდმივ ნატვრაში,
მომხვეჭელობის თესლი შფოთავს იმათ ნატარში.
ერთზე ფიქრობენ: რაც რამ დარჩა შეირგონ თვითონ,
ამას საერთო საქმეზე ზრუნვა კარნახობთ ვითომ.
კარგად მოეწყონ, კარგად ჭამონ, კარგად ჩაიცვან,
საკუთარ ტყავზე ზრუნვის შმაგმა ტალღამ ჩაინთქათ.
მაღალ სამყოფელს ხალხისთვის რომ შვებად გადაშლის,
წადით, ეძებეთ! ვერ იპოვოთ ერთი ათასში!
სიმაღლე უნდათ, ათრობთ ქება თავზე საყარი,
ამას ოცნებობს ჭკვა თხელი თუ ჯანით საპყარი.
ჩაუძვერ სულში კორუფციის უგულო მონას,
ნახავ ცარიელს, ვერ იპოვი სითბოს და წონას;
სახელი მხოლოდ მას თავისი მადისთვის უნდა,
საერთო საქმეს ანაცვალებს ამ მიზნებს მუდამ.
წადით, ეძებთ! განდიდებულ კაცის სათავსი,
სკამს რომ შვენოდეს ვერ იპოვოთ ერთი ათასში!
უმრავლესობას ჭკვა და სიბრძნე სკამმა შესძინა,
რადგან განგებას მათთვის ეს სიკეთე ეძვირა.
ღვარძლის გარეშე უდღეურნი მორცხვად არიან,
ნახავ, შეიცნობ, დადის, მაგრამ ცოცხალ-მკვდარია.
ჩაგრულს მალამოს რომ უმზადებს საქმის მართვაში,
პოსტები ჩხრიკეთ, ერთს ვერ ნახავთ ათი ათასში!
ჩირაღდნით ვძებნოთ ვინც სიმართლის სანთლად ანთია,
ვისაც სიკეთე, სიყვარული ყავდა ნათლიად.
ხალხის სამსახურს რომ მიუძღვნა გულთქმა ნათელი,
თავის საქებად გააძვირა სიტყვა სათქმელი.
სამშობლოს უძღვნა ანთებული გრძნობა და ნება
ადამიანურ სინდისს შერჩა სიცოცხლის შვებად.
წადით, ეძებეთ, ნაღდი კაცი ასი ათასში,
სიკეთის სხივით გამოზრდილი ხალხის კალთაში,
მიეცით ნდობა და მახვილი ორმხრივ ნალესი,
რომ შვებად ენთოს ეგოისტის ნაქსოვ ღამეში!

14.02.1972 .

 

ქართლის დედის მოთქმა

რა ცოდვა გვქონდა ისეთი,
სულ გლოვას რატომ ვუნდებით,
რა ჭირმა შემოგვისია
მუხთლად შობილთა გუნდები?!
შვილებო, თქვენი აკვნები
სამშობლოსათვის დავარწეთ;
ვინც მაღალ პოსტში გაგცვალათ,
განკითხვის წყევლას დავაწევთ!
სიცოცხლის ჰიმნად გაზრდილნო,
კუბოთი რად გვიბრუნდებით?!
თქვენი სისხლით ვინც ვაჭრობენ,
ხალხს აქ დაადეს ხუნდები.
თავისუფლების ცხელი მზე
ძაძით შემოსეს, აგრილდა;
ქართველი ცრემლით იხრჩობა,
შენ ავღანეთში რა გინდა?!
მომხდურნი შვილებს გვტაცებდნენ,
მამლუქად ყიდდნენ ადრიდან;
დედაენა გვთხოვს შველას და
შენ ავღანეთში რა გინდა?
აქ სიცრუე გვყავს მეუფედ;გვიტევს ღალატი ნაგვიდან;
დედასამშობლოს გვპარავენ,
შენ ავღანეთში რა გინდა?