საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები “ უსახსრობის გამო ვერ ფუნქციონირებს.
ეს ორგანიზაცია 2003 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში 4000-მდე ქართულ-აფხაზური ოჯახის წარმომადგენელი, ქართველი და აფხაზი ნათესავები შეახვედრა ერთმანეთს.
მრავალი შეხვედრა ჩატარდა ენგურისპირა სოფლებში, რომლებსაც ქართველები, აფხაზები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რეზო ბენდელიანმა განაცხადა, მის წინაშე ყოველთვის იდგა დაფინანსების პრობლემა. მას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ _ ბოლოს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.
ისეთ ორგანიზაციას, როგორც ,,ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახებია”, რომელიც მამულიშვილურ საქმეს აკეთბს და რომელსაც შეუძლია უდიდესი როლის შესრულება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარებაში, სახელმწიფოსაგან თანადგომა და დახმარება სჭირდება და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე არ უნდა იყოს.
რეზო ბენდელიანი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის თებერვლისთვის შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.