უცხოეთი
საქართველო რეაგირებს ინფორმაციაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს.

 “იტალია პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია იტალიის რესპუბლიკაში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის .. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც ადგილზე ამოწმებს აღნიშნულ ინფორმაციას. ასევე, აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე, საქმის კურსშია ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 რომში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა გაიხსნა. ამის შესახებ სააგენტო „კავკაზსკი უზელი“ იუწყება. შესაბამისი ინფორმაცია ფეისბუქში საზოგადოება „იტალია-სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელმა მაურო მურჯამ გამოაქვეყნა. როგორც მურჯა ამბობს, წარმომადგენლობის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ადვოკატ ანდრეა კორსინის. ახლა იტალიაში მყოფ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას „კვალიფიციური დახმარების მიღების საშუალება ექნება“.