აქტუალური
საქინფორმი აფრთხილებს – ათასზე მეტი ხმა ხიდაშელის ჯიბეში რჩება!

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. პარლამენტარებმა კომიტეტებში უკვე დაიწყეს საარჩევნო კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებების განხილვა. ინიციატივის მიხედვით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების და სახელმწიფო დაცვის სამსახურების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე უბნები აღარ გაიხსნება.

 „კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ აღარ შეიქმნება სპეცუბნები, ეგრეწოდებული ძალოვანი უწყების მოსამსახურეებისათვის ამ უწყებების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე. ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხება ნებისმიერი ეჭვი, რაც დაკავშირებული იყო სპეცუბნებზე ხმის მიცემასთან", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ.

 საქინფორმის ინფორმაციით, ცვლილებები არ შეეხება ქართულ კონტინგენტებს, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ მისიაში მონაწილეობენ (ავღანეთში, აფრიკაში და სხვ.). ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება საქართველოდან – ყველაზე დიდი კონტრიბუტორიდან ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის – თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელმაც საგარეჯოში არჩევნები გააყალბა მისდამი დაქვემდებარებული სამხედრო სპეცუბნების ხარჯზე, ჯიბეში მაინც რჩება ათასზე მეტი ხმა.

 „საჭიროა ძირეული რეფორმა. საჭიროა სრულიად რეგიონალურ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და არა მორგება საარჩევნო უბნების თავის თავზე", - აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.

 "კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ, არ არის სრულყოფილი, თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს ალტერნატიული ინიციატივა. ვთვლით, რომ შესაძლებელია, უფრო მკაფიო და კონკრეტული იყოს ეს კანონპროექტი", - განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა