საზოგადოება
საქინფორმი: ხანძარი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში თბილისში (ვიდეო)

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში 21 მარტს დილიდან კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტაძრის ხანძრით დაზიანებული ნაწილი დაათვალიერეს (ვიდეო იხ. აქ).

 პატრიარქის  გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე შეზღუდვები ისევ გრძელდება. მისივე გადაწყვეტილებით სამების ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი 13 ტაძრიდან, წირვა-ლოცვა მხოლოდ 4 ტაძარში გაგრძელდება, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებენ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ საკათედრო ტაძარში მისვლისგან.

 ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. უკვე არსებული სავარაუდო ვერსია, რომ ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია, მიუღებელია საპატრიარქოსთვის. ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

 ხანძრისგან მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. დაზიანდა დაახლოებით 20 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი, დამწვარია 1200 მეტრი. ცეცხლითა და წყლით განადგურდა ათასობით იშვიათი წიგნი, რომლებიც წმინდა სამების ტაძრის ცოკოლის სართულზე მდებარე ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების მთლიანად დამწვარ ცენტრში ინახებოდა.

 

საქინფორმი შეახსენებს მკითხველს, რომ 2011 წლის 11 სექტემბერს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ცენტრის განვითარების პრეზენტაციაზე, წმინდა იონე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, ყველა მედიიდან, პატრიარქის გადაწყვეტილებით, მიწვეული იყვნენ მხოლოდ საქინფორმის ჟურნალისტები (რეპორტაჟი იხ. აქ. ხოლო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის პრეზენტაციის ფოტორეპორტაჟი, რომელიც საქინფორმის ფოტოკორესპონდენტმა მოამზადა, მკითხველს შეუძლია იხილოს ჩვენი საიტის რუბრიკაში „ფოტოგალერეა“).