საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ბოლო დღეების განმავლობაში პრაღის ფორმატთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა (ვიდეო იხ. აქ). აბაშიძემ ხაზი გაუსვა ფორმატის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა. მაგალითად მას სოფლის მეურნეობის სფერო, ვაჭრობის საკითხი, რუსეთში მცხოვრები ქართველები და ევროინტეგრაცია მოჰყავს. "რუსეთთან დანასისხლად გადამტერებულ ქვეყანაში ინვესტორი არ ჩამოვა", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განცხადებით, ამ დიალოგის დამსახურებაა, რომ რუსეთისგან შემცირდა ძალადობის და დაძაბულობის მოლოდინი. რაც შეეხება 16 მარტის შეხვედრას და იმ განცხადებებს, რომლებიც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინმა გააკეთა, აბაშიძის შეფასებით, პირადი მოსაზრებები აქვს ყველას, ამ შეხვედრაზე კი, მისი თქმით, დაისვა საკითხები საოკუპაციო ხაზთან არსებული პრობლემებისა და სხვა ინციდენტების შესახებ, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ხდება. მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობას. აბაშიძის შეფასებით, გრიგორი კარასინისგან "განსხვავებული კომენტარები მოვისმინეთ".