საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა რევაზ კ. ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
რევაზ კ-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ღამით თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ზაზა ც-ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და ქეთევან ი-ს ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები ცივი იარაღის მუქარით გასტაცა. მან სახლში მყოფ 5 ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, საათზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
ბოროტმოქმედმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას ოჯახის უფროსს ზაზა ც-ს და მის მეუღლეს ქეთევან ი-ს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილ ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება სტაციონარში ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.