აქტუალური
„ის, ვინც აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის გაუქმების ინიციატივით გამოდის, პოლიტიკაში ვერ ერკვევა“ - ზაქარეიშვილი

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას - უფრო მეტად დაზუსტდეს და განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, გამოეხმაურნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

 პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ომის დროსაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აქედან გამომდინარე, ის, ვინც ფორმატის გაუქმების ინიციატივით გამოდის, უბრალოდ, პოლიტიკაში ვერ ერკვევა.

 "ვინც ამ საკითხს სვამს, წარმოდგენა არ აქვს, ეს რისთვის არის საჭირო - რათა არ მოხდეს დაძაბულობის გაღრმავება", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

 განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის თქმით, ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში სტაბილურობის ელემენტები გამოჩნდა.

 „შუაგულ ომში როცა არიან სახელმწიფოები, ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური.