აქტუალური
ბალხის პროვინციაში ასეულ „ბრავოს" სამხედროებმა საპატრულო ოპერაცია ჩაატარეს

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბალხის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის  ასეულ „ბრავოს" სამხედროებმა   მოტორიზებული საპატრულო ოპერაცია ჩაატარეს. პატრულირება ქართული სწრაფი რეაგირების ძალების სამოქმედო რაიონის სამხრეთ და აღმოსავლეთ უკიდურეს ზღუდეებს მოიცავდა. ოპერაციაში  „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე გერმანული კონტინგენტიც მონაწილეობდა.

საპატრულო ჯგუფს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ახლდა. მან ოპერაციის რაიონში მოქმედი სათვალთვალო საგუშაგოები და ავღანეთის ეროვნული არმიის საკონტროლო გამშვები პუნქტები დაათვალიერა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეული „ბრავო" „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის იანვარში ჩაერთო. ის ბაზა „მარმალზეა“ დისლოცირებული.