პოლიტიკა
„მთავრობის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სტრუქტურას დაერქმევა სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი.

 „დეპარტამენტი მოახდენს კოორდინაციას ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ანაკლიის პორტი. ასევე, სამთო კურორტების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის კოხტა-მიტარბის კომპლექსის და გუდაურის სტრატეგიული განვითარება, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მისივე თქმით, სტრატეგიის ცვლილებაზე მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მუშაობს.

 „ამ სტრატეგიის ცვლილების უმნიშვნელოვანესი, განუყოფელი ნაწილი გახლავთ ადმინისტრირების მხრივ პროექტების დაჩქარება. სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც ახალი სტრუქტურა არ იქნება, მაგრამ თვისობრივად გარდაიქმნება, ხელს შეუწყობს ამ კუთხით უწყებათაშორის კოორდინაციას", - განაცხადა პრემიერმა.