აქტუალური
"მაესტროს" ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. „მაესტროს“ ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

"ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ეს პირდაპირ აისახება არხის იმიჯზე და მუშაობის ხარისხზე. იმისათვის, რომ პროცესი არ გახდეს შეუქცევადი, საინფორმაციო სამსახურის, ყველა ტელეპროექტის ("ბიზნეს კონტაქტი", "საქმიანი დილა",  "ფაქტორი", "1 წუთი", "SWOT ანალიზი") ტექნიკური პერსონალის, გახმოვანების, პროგრამების, დაცვის სამსახურების თანამშრომლების სახელით მხარეებს გთავაზობთ 5-პუნქტიან წინადადებას:

1.  ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი;

2. ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე;

3. ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები;

4. უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება;

5. მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან".