საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმების საკითხს არ განიხილავს, განაცხადა ხუთშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მანამდე, ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩატარდება, თუმცა მათ სჭირდებათ უსაფრთხოებისა და კიდევ იმის გარანტიები, რომ „ოკუპაციის შესახებ“ მოქმედი კანონი დეპუტატებს პრობლემებს არ შეუქმნის. კარასინმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ეს კანონი გაეუქმებინა.
„აუცილებლად გვჭირდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ამ ტერიტორიებზე ადამიანების შესვლასა და გამოსვლას არეგულირებს, ასევე მრავალ სხვა საკითხსაც — თქვენთვის ცნობილია, რომ ეს კანონი სხვა თემებსაც ეხება. 2012 წლიდან ამ კანონის გაუქმების საკითხი არც ერთი პრემიერ-მინისტრის დროს არ განხილულა“, — განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საპასუხოდ გამოაცხადა.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიებზე შესვლა უკანონობაა და ისჯება ან დიდი ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობით.