პოლიტიკა
თბილისმა შესაძლოა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატს გადახედოს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებები რუსეთის საელჩოსთან გააპროტესტა.

 გრიგორი კარასინმა, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა. მიზეზად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სახელდება, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს და მასზე დასწრებას რუსი დეპუტატებიც გეგმავენ.

 აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრაღის ფორმატის გაუქმების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

 კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრის შემდეგ თბილისში შესაძლოა ის საკანონმდებლო ცვლილებები დადგეს დღის წესრიგში, რომელიც პაატა ზაქარეიშვილის მიერ არჩევნების შემდეგ იყო ინიცირებული.

 ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვისკენ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა და სახელმწიფო მინისტრიც ამ მოწოდებას უკვე დადებითად გამოეხმაურა. ზაქარეიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის პატიმრობის გაუქმებას და მის ნაცვლად ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.

 კანონის გაუქმებას გამორიცხავს ფრაქცია ქართული ოცნების  თავმჯოდმარე, მაგრამ გია ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა ცვლილება მაინც შევიდეს.

 ამ ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობა დღემდე არ ეთანხმება. თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ გადახედავენ თუ არა კანონს საქართველოს პარლამენტში, ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გადასაწყვეტი არ არის.

 ამოწურა თუ არა კარასინის ფორმატმა საკუთარი თავი ამ და სხვა საკითხებზე პასუხების გასაცემად პრეზიდენტი თბილისში ზურაბ აბაშიძის დაბრუნებას ელის.