საზოგადოება
„საქართველომ აირჩია ევროატლანტიკური გზა და ხელისუფლებაში პრორუსული ძალა ვერ მოვა!“ - სესიაშვილი და ხიდაშელი კარასინის „თავხედურ“ განცხადებას პასუხობენ

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელების” წევრი თამარ ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კარასინმა თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტზე გააკეთა კომენტარი.

 „მინდა, გამოვეხმაურო ბატონი გრიგორი კარასინის სრულიად თავხედურ მოსაზრებას, მის თითის ქნევას სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. ეს რიტორიკა, სამწუხაროდ, თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, იმ ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან, რომელიც უკვე ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ ხშირად გვესმის“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებაა, ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

 „არადიპლომატიური განცხადებაა აბსოლუტურად. ეს პირდაპირ ნიშნავს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. ეს სცილდება ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ეთიკის ნორმებს. რაც შეეხება მის ფიქრს, რომ  შეიძლება, აქ პრორუსული ძალები მოვიდნენ, მე მინდა ვუთხრა ოკუპანტ ქვეყანას, რომ საქართველოს მოსახლეობას, ამ ქვეყანას აქვს მხოლოდ ერთი არჩეული გზა - ევროპული და ევროატლანტიკური, და ქვეყანაში ვერ მოვა ის ძალა, რომელიც ოკუპანტთან გარიგდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.