საზოგადოება
თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელები გერმანული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საქართველოში მცხოვრები გერმანული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დიასპორის ოფისში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს წარმომადგენლები  სათვისტომოს საქმიანობას და სამომავლო გეგმებს გაეცნენ, დიასპორის წინაშე არსებული ამოცანების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

მიწვეულმა სტუმრებმა დიასპორის ოფისში საქართველოში მცხოვრები გერმანელებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

როგორც  გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ აღნიშნეს, უახლოეს მომავალში თბილისში „მეგობრობის სახლის“ გახსნა იგეგმება, რომელიც ეთნიკური უმცირესობების შეკრებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობის ადგილი იქნება.

შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება -  დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა  ხიდირბეგიშვილი და გერმანიის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკი ესწრებოდნენ.