საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისგან განსხვავებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ყველა თემა, რომლებზეც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა, აბაშიძესთან შეხვედრისას განიხილა.
„ვილაპარაკეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი საკმაოდ გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსის ანტირუსული განცხადებები არღვევს იმ ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც ჩვენ უკვე სამი წელია, ვმუშაობთ. არ მინდა გვარების დასახელება, რადგან ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ საქართველოს მთავრობის წევრები რუსეთს ცივილიზებული სამყაროს საფრთხედ მოიხსენიებენ, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და ასე შემდეგ. რუსეთში ამ გამონათქვამებს კითხულობენ და რა თქმა უნდა, მტკივნეულად აღიქვამენ. ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო ციებ–ცხელებისას ქართველი პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემდნენ. ზოგჯერ მათ მუხრუჭი ღალატობთ. ეს მუხრუჭი უნდა მოქმედებდეს და ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმას, რასაც ამბობენ მეზობელ ქვეყანასთან მიმართებაში. მე ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, გავაცანი ბატონ ზურაბს და მისგან შესაბამისი განმარტებებიც მივიღე. პრაღაში იმისთვის არ ვხვდებით, რომ ვიკამათოთ. ორივეს გვაქვს ჩვენი ქვეყნების ხელისუფლების დავალებები და მათ ვასრულებთ”, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.