სამართალი
„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე „მაესტროს“ ლოგოს ვეღარ გამოიყენებს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. შპს “ტელეკომპანია მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე “მაესტროს“ ლოგოს ვეღარ გამოიყენებს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

 „ასეთი რამე არცერთი მთავრობის დროს არ მომხდარა, შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი არ მომხდარა. ჩვეულებრივად საკუთრებაზე შემიზღუდეს უფლება. გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ამ მოსამართლეზე, ამ საქმეზე ძალიან მაგარი ზეწოლა. არავითარი პრობლემა არ არის, რა მერქმევა, “მაესტროს” ვერ გააჩერებენ, - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

 საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა 25 მარტს გაიმართება, სადაც განიხილავენ, თუ ვის ეკუთვნის “მაესტროს” ლოგო და სახელი.

 უკვე გაფორმდა ხელშეკრულება კიკაბიძესა და მაკა ასათიანს შორის, რომლის მიხედვითაც, ახალი არხი 24 იმავე შენობიდან იმაუწყებლებს, საიდანაც ეთერში შპს “სტუდია მაესტრო” გადის.

 ლევან გაჩეჩილაძის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ მათ ასათიანის კომპანიისგან იჯარის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.

 კრედიტორთა საბჭოზე გაირკვევა, დაკმაყოფილდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა ”შპს მაესტროს” გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 “მაესტროს” გენერალური დირექტორის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მაკა ასათიანის ვალის - 54 მილიონის დაფარვის შესაძლებლობა მათ აქვთ - რასაც, თავის მხრივ, ეჭვის თვალით უყურებს ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე.