აქტუალური
„აშშ-სთან პარტნიორობამ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გადამწყვეტი როლი შეასრულა” – მიხეილ ჯანელიძე

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის შეხვდა.

 „ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ შედეგების მიღწევას. ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას ბევრ სფეროში. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კვლავ იმუშავებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე.

 „იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კვლავ შეასრულებს რეგიონული ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმ“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.