აქტუალური
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა ეროვნულ სასწავლო ცენტრში განთავსებული ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერა.

 ცენტრის ხელმძღვანელობამ ნატოელ გენერალს მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია ჩაუტარა.

 „აქ ნანახმა ინფრასტრუქტურამ და ხალხმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გამიმართლა, რადგან ჩემი ვიზიტი სწავლების მიმდინარეობას დაემთხვა. ეს ხალხი პროფესიონალები არიან და თავიანთ მოვალეობებს ენთუზიაზმით ასრულებენ“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა.

 ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაცია საქართველოში ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.