საზოგადოება
"ჩვენ ველოდებით ნორმალურ ურთიერთობებს" - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. კარასინის თქმით, ისინი ნორმალურ ურთიერთობებს ელოდებიან.

 "ჩვენ ველოდებით ნორმალურ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემით იმ ბოლო ორი წლის მსგავსად, რომელმაც, მე მგონი, შედეგი მოიტანა ვიზების ლიბერალიზაციის კუთხითაც, სავაჭრო, სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ყველა ამოცანას ერთდროულად ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ შეგვიძლია აღვზარდოთ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულ ჭრილში", - განაცხადა კარასინმა.

 კურიერის ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას დიალოგი, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, კარასინმა განაცხადა, რომ ამაზე ვრცელი საუბარია საჭიროა და ასევე აღნიშნა, რომ „2008 წელს ტერიტორიები სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის გამო დაიკარგა“.

 „ჩვენ ახლა ვრცელი საუბარი გამოგვივა, თუ როგორ დაიკარგა ის ტერიტორიები სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის გამო 2008 წლის აგვისტოს, ამის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა და რა პრობლემები აქვთ, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაში. შემდეგ კვირას ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ მათი მონაწილეობით ჟენევის დისკუსიებზე“, - განაცხადა კარასინმა.