თურქული მხარე ტაო-კლარჯეთში არსებული 4 ეკლესიის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აშენებას მოითხოვს
ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქული მხარე საქართველოში 3 მეჩეთის განახლებას და ერთის აშენებას მოითხოვს. ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, თურქული მხარე საქართველოს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ბათუმში, კერძოდ, ყოფილ ლენინის მოედანზე, აზიზეის მეჩეთი აღდგება.
მხარეები ხელშეკრულების გაფორმებას უახლოს პერიოდში გეგმავენ. თუმცა მუსლიმანური ნაგებობის ფუნქციური დანიშნულების შესახებ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. საქართველო-თურქეთს შორის რელიგიურ-ისტორიული მნიშვნელობის საკითხზე ხელშეკრულების გაფორმებას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურმან დუმბაძის განცხადებით, თუ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესია თავის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს, შენობებს საინჟინრო ნაგებობების ფუნქცია ექნება. აქედან გამომდინარე მის ნაცვლად ბათუმში მეჩეთის აღდგენა დაუშვებელია. დუმბაძე იუნკრების საფლავთან მუსლიმანური დანიშნულების შენობის აგებას ეწინააღმდეგება და თურქული მხარის მოთხოვნას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძის თქმით, აჭარაში 250-მდე მეჩეთი არსებობს, რაც ამ რელიგიის მქონე ადამიანების თავისუფლებაზე მიანიშნებს. ბათუმში მეჩეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არც აჭარის მთავრობაში და არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ფლობენ. როგორც ჩანს საკითხი რეგიონის მთავრობასთან შეუთანხმებლად განიხილება. ქართული მხარე ხელშეკრულების გაფორმებას წლის ბოლომდე გეგმავს, რადგან ეკლესია-მონასტრებს დანგრევის საფრთხე ემუქრება.