უცხოეთი
პუტინის ბრძანება სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე აშშ–თვის „მოულოდნელი“ აღმოჩნდა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი.  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, 15 მარტს სირიიდან რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ძირითადი დაჯგუფების გაყვანა დაიწყოს, როგორც ჩანს, თეთრი სახლისთვის „მოულოდნელი“ აღმოჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Politico იუწყება.

 გამოცემის ცნობით, ბრიფინგის მიმდინარეობისას თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა. „ჩვენ უნდა ვნახოთ, კონკრეტულად რაში გამოიხატება რუსეთის განზრახვა“, – ამბობდა ერნესტი.

 თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე არ გასცა პასუხი შეკითხვას, მოახდინა თუ არა მოსკოვმა სირიიდან თავისი ძალების მოსალოდნელი გაყვანის ფარგლებში ქმედებების კოორდინირება ვაშინგტონთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა მხოლოდ აღნიშნა, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის მჭიდრო კონტაქტი აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.