საზოგადოება
კონგრესმენი კონოვეი საქართველოს მხარდაჭერას დაჰპირდა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კონგრესმენ მაიკ კონოვეის (რესპუბლიკელი ტენესის შტატიდან), რომელიც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კონგრესმენს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტის შეტანისთვის.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ცალკეულ ინიციატივებზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციას და არჩევნების კონკურენტუნარიან, დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებას ემსახურება.

კონგრესმენმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კონგრესში საქართველოს ინტერესების გატარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.