საზოგადოება
„ჩვენი მიზანია, ვეტერანებს ჰქონდეთ რეგიონში საუკეთესო სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი" - ირაკლი შიხიაშვილი

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი 15-19 მარტს  სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში მიემგზავრება. ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შიხიაშვილი რამდენიმე შეხვედრას გამართავს. მომწვევი მხარეა კომპანია სერკობე", რომლის წლიური ბრუნვა 49 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო ექსპორტი - 36 მილიარდზე მეტს. დაგეგმილია შეხვედრები ესპანეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც სამი თვეა, მოლაპარაკება მიმდინარეობს. შიხიაშვილის თქმით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ესპანეთის მხარესთან ვეტერანთა ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების განხორციელებისთვის ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოში ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, მისი დანადგარებით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხები.

 „ველოდებით რეალურ შედეგებს. გვინდა, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში, რომ ვეტერანები მეტად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. ჩვენი მიზანია,  ძალიან მალე ვეტერანებს  ჰქონდეთ რეგიონში საუკეთესო სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი", - განაცხადა შიხიაშვილმა “რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.