სამართალი
პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით პროკურატურამ ზურაბ ჯამალაშვილი დააკავა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. პროკურატურამ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავა.

 ზურაბ ჯამალაშვილი ჰაკერ ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, ამჟამად კი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

 "შესაძლებელია, იყოს დაკავებული სხვა პირებიც. თუმცა, ვინ არიან, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს“, - აცხადებს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

 ზურაბ ჯამალაშვილის და ირაკლი ფხალაძის ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს უკვე წარედგინათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამხელას გულისხმობს.

 ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულს ამ ვიდეოებთან არანაირი წვდომა არ ჰქონია. ირაკლი ფხალაძის ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ფხალაძეს ამ მასალებთან წვდომა არ უნდა ჰქონოდა.

 ზურაბ ჯამალაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტარს აკეთებს მისი შვილი ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მამამისს სხვა ოჯახი ჰყავს და მასთან კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, კატეგორიულად გამორიცხავს მისი მხრიდან რაიმე სახის კავშირს ამ ვიდეომასალებთან.