საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. თსუ-ს თვითმმართველობის წევრთა მხარდამჭერები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეცვივდნენ. უნივერსიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
თვითმმართველობის წევრთა მხარდამჭერები ლადო პაპავას გადადგომას 14 მარტიდან ითხოვდნენ. თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი მხარს უჭერენ უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას, მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების უკან გარე ძალების ინტერესები იკვეთება და დაპირისპირებულ სტუდენტებს ვითარების დასაბალანსებლად დიალოგისკენ მოუწოდებენ.
„დღეს რომ გადადგეს ბატონი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტში შეიქმნება ქაოტური ვითარება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რა შეცდომებიც არის დაშვებული, ეს უნდა გამოსწორდეს და ეს უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვინც თავის თავზე იღებს ამ შეცდომების დაშვებას, ეს არის უნივერსიტეტის დღევანდელი რექტორი“, - განაცხადა პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა.