პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს შეხვდა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უილიამ კორტნი, კენეტ იალოვიცი, რიჩარდ მაილსი და რიჩარდ ნორლანდი.

 მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ელჩებს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ამერიკასთან ურთიერთობის განმტკიცებასა და საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გარემოზე.

 აღინიშნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ელჩებმა მზადყოფნა გამოხატეს, მომავალშიც დაეხმარონ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე შემდგომი მხარდაჭერის მოპოვებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის, თეთრი სახლის წარმომადგენლებს. შეხვედრები გაიმართება სენატსა და კონგრესში, ამერიკის ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი აშშ-ში 19 მარტს დასრულდება.