საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე დადგენილია მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, გარდა ქალაქების თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავისა.
გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების უზრუნველსაყოფად ცესკო განსახილველად წარმოადგენს პროექტს საარჩევნო ოლქებისა და მათი საზღვრების შესახებ, აგრეთვე შესაბამის რუკებს. აღნიშნული მოიცავს ოლქებში შემავალი ტერიტორიების, ქუჩების და მათი ნომრების შესახებ ინფორმაციას 30 მაჟორიტარული ოლქისთვის. კანონის თანახმად, თბილისში იქმნება 22 მაჟორიტარული ოლქი(მუხლი 1101, მე-2 პუნქტი), ქუთაისში 3 (მუხლი 1101, 24-ე პუნქტი), ბათუმში 3 (მუხლი 1101, 39-ე პუნქტი) და რუსთავში - 2 (მუხლი1101 , მე-8 პუნქტი).
ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, მათ შორის პარტიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეცნონ სამუშაო დოკუმენტებს და წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები/რეკომენდაციები მიმდინარე წლის 21 მარტის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა შექმნას და მათი საზღვრები და ნომრები განსაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა, ხოლო მათი დაზუსტება შესაძლებელია 2016 წლის 1 ივნისამდე.