აქტუალური
თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა იმართება

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის შტაბის უფროსმა, ავიაციის მარშალმა გრეჰემ სტეისიმ გახსნეს. მრავალეროვნული შეხვედრა ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება.

 „დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარშავის სამიტის წინ და, ასევე, იმ ვითარების გამო, რაც დღეს არის მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა პროდუქტიული იქნება. გაიცვლება აზრები, შემუშავდება ახალი წინადადებები და ეს ყველაფერი საქართველოს წაადგება როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, ასევე, ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 „ჩვენთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა აქ ყოფნა. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ევროპელი პარტნიორია. ნატო-საქართველოს ურთიერთობა დღითი დღე ღრმავდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო საქართველოს როლი და გაღებული მსხვერპლი ავღანეთში, ნატოს სამხედრო მისიაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს“, - განაცხადა ავიაციის მარშალმა გრეჰემ სტეისიმ.

 ღონისძიების ფარგლებში თბილისში ჩამოსული ნატოს მაღალჩინოსანი სამხედროები თავდაცვის მინისტრს შეხვდებიან და არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დაათვალიერებენ.