საზოგადოება
„როცა ეს კადრები გავანადგურეთ, სპეცსამსახურები გვაფრთხილებდნენ, რომ სავარაუდოდ, არსებობს ასლები“ – სესიაშვილი

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, შექმნილია 2012 წლის არჩევნებამდე, როცა “ქართული ოცნება” ოპოზიციაში იყო.

 “ეს კადრები იქმნებოდა  იმისთვის, რომ ჩვენზე მომხდარიყო ზეწოლა და ჩვენ შევინახავდით ამ კადრებს? მით უმეტეს, რომ ალასანიაც და “თავისუფალი დემოკრატების” ნაწილიც უმრავლესობის წევრები იყვნენ. როცა ეს კადრები გავანადგურეთ, სპეცსამსახურები გვაფრთხილებდნენ, რომ სავარაუდოდ, არსებობს ასლები. სწორედ ამიტომ, ეს ასლები სადმე რომ არ გამოჩენილიყო, ჩვენ მაშინ დაუყოვნებლივ შევცვალეთ კანონმდებლობა და არათუ გავრცელება, არამედ შენახვაც კი დასჯადი გავხადეთ. მაგრამ თქვენ იცით, რომ ვინც ამ კადრებს უკვეთავდა, იღებდა და ინახავდა, მათი ნაწილი დღეს გაქცეულია და ფულთან და სხვა რაღაცეებთან ერთად, ალბათ, კადრებიც თან წაიღო. დღეს ვიღაცას არ სურს სტაბილურობა ქვეყანაში, არ სურს ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ეს მათ აშინებთ”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.