საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმი" უერთდება "ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" წევრთა მილოცვების უზარმაზარ ნაკადს და ულოცავს "ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" დამფუძნებელსა და გამგეობის თავმჯდომარეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქალბატონ ელიზა აბელაშვილს "წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალის" სტატუსის მინიჭებას!
დაჯილდოების ცერემონიალი 2016 წლის 10 მარტს თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
დიდი და შეუფასებელია ქალბატონი აბელაშვილის ღვაწლი ქართველი ემიგრაციის პრობლემების ფართო სპექტრის წამოწევა-გადაწყვეტაში, რომლის ნაწილს "საქინფორმი" აცნობდა თავის მკითხველს, რადგანაც სამშობლოს გარეთ სამშობლოსთვის საქმის კეთების გაპიარება ქალბატონი ელიზასთვის კატეგორიულად მიუღებელია. საქველმოქმედო საქმიანობა, ჟურნალის და წიგნის გამოცემა, მრავალ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა და განცხადება - როგორც ქართველი ემიგრანტების, ასე საქართველოს ყოველი მცხოვრებისთვის - ყველაფრის ჩამოთვლა, რაც ლიგის დაარსებიდან ერთ წელიწადში მან მოასწრო, შეუძლებელია!
ვუსურვებთ ქალბატონ ელიზა აბელაშვილს კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მის მოღვაწეობაში, რომელსაც ის ჩვეული ენერგიით უძღვება!
"საქინფორმის" რედაქცია