აქტუალური
მთავრობის საინვესტიციო მოლოდინი არ გამართლდა

saqstat2„საქსტატის“ წინასწარი ინფორმაციით, 2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 160 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით ინვესტიციების მაჩვენებელი 37 მილიონი დოლარით შემცირდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, 2010 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობის ინვესტიცია საფინანსო სექტორში (31%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში (25%), უძრავ ქონებაში (21%) და ენერგეტიკაში (10%) შემოვიდა. სხვა დანარჩენ სფეროებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა კი 13%-ით განისაზღვრა.

საერთო ჯამში, სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რაღაც 433 მილიონი დოლარის ინვესტიციამ მოიყარა თავი. ასეთი დაბალი საინვესტიციო მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ახსოვს. სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, 2010 წელს, ინვესტიციების თვალსაზრისით, ყველაზე კრიზისულმა 2009 წელმაც კი აჯობა. შარშან სამ კვარტალში 465 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 659.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2008 წელს - 1.56 მლრდ დოლარი. 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2006 წელს - 1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს - 449.8 მილიონი დოლარი.