საზოგადოება
გახდი მიშისტი და მიიღე სამსახური საჩუქრად

imedis-darbevaსოფო ნოდია (რესპონდენტის სურვილით სახელი და გვარი შეცვლილია) წლების განმავლობაში ტელეკომპანია “იმედში“ მუშაობდა. 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს მას ფიზიკური ზარალიც მიაყენეს, შემდეგ იგი სამსახურიდან გამოუშვეს. ორ გაზეთში მისი ინტერვიუც დაიბეჭდა, სადაც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე საუბრობდა, რის გამოც მას საქართველოში ცხოვრება აღარ სურდა. ეს განცხადება, როგორც თავად ამბობს, საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.

საქინფორმის ჟურნალისტს მან საკმაოდ გულწრფელად (მაგრამ შიშით) ასეთი ამბავი უამბო:

როდესაც მე ''იმედიდან'' წამოვედი, საერთოდ აღარ მინდოდა სამსახურის დაწყება, სამსახური კი არა, საერთოდ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდოდა. მაგარამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, წასვლა ვერა და ვერ მოვახერხე. 2 წელი სახლში ვიყავი, მაგრამ შემდეგ უკვე მატერიალური პრობლემების გამო სამუშაოს ძებნა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მონაცემებით ყველა იმ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი,რასაც ითხოვდნენ, სამსახური ვერსად ვიშოვე. თავიდან ძალიან მიკვირა, თუმცა უიღბლობას ვაბრალებდი. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც მერიაში მუშაობს და მითხრა, რომ ზუსტად ჩემნაირი კადრი სჭირდებოდათ. მე, რა თქმა უნდა, იმ დღესვე მივედი განყოფილების უფროსთან გასაუბრებაზე და თითქოს შევთანხმდით კიდეც. გამოსვლის წინ ჩემმა მეგობარმა ჩუმად გამაფრთხილა, ახლა მთელ შენს ცხოვრებასა და პოლიტიკურ პოზიციას შსს გადახედავს და არავისთან არაფერი ზედმეტი არ თქვა და შენი ოჯახის წევრებიც გააფრთხილე, რომ მიშა ადიდონ და აქონო. 1 თვე რომ გავიდა და არავინ დამირეკა, მე თვითონ შევეხმიანე ჩემს მეგობარს და მან ასეთი პასუხი გამცა, ეგ ადგილი, უფროსის გადაწყვეტილებით, საერთოდ გაუქმდაო. სწორედ მაშინ მივხვდი, რაშიც იყო საქმე - მე ჩემი სტატიების (რისი ნახვაც შსს-ს არ გაუჭირდებოდა) და წინა სამუშაო ადგილის მიხედვით, მათი აღქმით, ოპოზიციონერი ვიყავი და მათ გუნდს არ შევეფერებოდი, ამიტომ იმ ადგილზე, ალბათ, ისევ უფროსის ან რომელიმე ფინია ხელქვეითის ბიძაშვილი აიყვანეს. მერე რა, რომ მე მათთვის შესაფერისი კადრი ვიყავი, ისიც ისწავლის და, რაც ყველაზე მთავარია, ის მიშისტია“.

მიუხედავად დიდი სამუშაო გამოცდილებისა, სოფო დღესაც უმუშევარია და, როგორც გვითხრა, სანამ მიშა იქნება, ისიც დიასახლისის ამპლუას ბოლომდე გაითავისებს.

ჩვენი ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ თვითონ კარგავს თავისი მოსახლეობის მხარდაჭერას. განა თვითონ არ ამბობენ, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში განათლებული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე 26 წლის ადამიანი მხოლოდ იმიტომ ვერ შოულობს სამსახურს, რომ განსხვავებული პოზიცია და შეხედულებები აქვს, რომელ დემოკრატიაზე და ობიექტურობაზეა საუბარი?!