უცხოეთი
რუსეთთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები რაიმე დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს – ჯაფარიძე

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები რაიმე დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ 2030-ს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ განუცხადა.

 „რუსულ პოლიტიკას სჩვევია, სტაფილოს ნაჭერი დაგანახოს და ამავე დროს დიდი ჯოხი ჰქონდეს მომარჯვებული. არ ვიცი, რის საფუძველზე დაიწყეს ფიქრი ვიზების გაუქმებაზე ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა. შესაძლოა იმიტომ, რომ ევროპამ საკმაოდ ფორსირებულად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. 

 მისივე აზრით, პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, არსებობდეს დიალოგი და ამას ემსახურება პრაღაში გამართული შეხვედრები.

 „ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან აწყობილია პრაგმატიზმზე. მივიჩნევთ, რომ პრობლემები არის ურთულესი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, არსებობდეს დიალოგი“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ამას წინათ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთმა სავიზო რეჟიმი მიმდინარე წელს გააუქმოს.