აქტუალური
„ჩვენ არ ვრეაგირებთ პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, ისეთ მასალებს გავახმოვანებთ, რომ არ დარჩებიან კმაყოფილები!“ - თოფაძე

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ზვიად ავალიანის თოქშოუ არგუმენტების დროში გააკეთა.

 „საქართველოში იმპორტირებული კვების პროდუქტების 90% გენმოდიფიცირებულია. ჩვენ უკვე დიდი ხანია, მიღებული გვაქვს კანონი გენმოდიფიცირებული პროდუქციის სავალდებულო მარკირების შესახებ, მაგრამ ეს კანონი ცხოვრებაში არ სრულდება

 ჩვენ გვაქვს პრეტენზია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან, რომელსაც ევალება ამ კანონის აღსრულება. ბავშვის კვება, ძეხვეული, ზეთები, საკონსერვო ნაწარმი - საერთოდ, ყველაფერი, რაც შემოდის, ამის კონტროლი ჩვენ 2004 წელს გავაუქმეთ. ყველამ გაიგო, რომ აქ არაფერი არ კონტროლდება და მოდის და მოდის უხარისხო საქონელი. ამას მოჰყვება უამრავი დაავადება და მსხვერპლი“, - აღნიშნა თოფაძემ, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის ბოლოდროინდელ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი.

 „ჩვენ, როგორც პრემიერთან შევთანხმდით, შევწყვიტეთ კამათი, მაგრამ ისინი აგრძელებენ გამომწვევი განცხადებების კეთებას. მათ შორის ქალბატონი მინისტრიც. ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, იმდენ რამეს გავახმოვანებთ და იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ პრესაში და ტელევიზიაში, რომ ალბათ, არ დარჩებიან კმაყოფილები“, - განაცხადა „მრეწველების ლიდერმა.