პოლიტიკა
„ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ ჩვენს ქვეყანაში უკვე მიიღო ევროინტეგრაციაზე ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის დამანგრეველი ფორმები“- რესპუბლიკელები

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „ვინც არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების დამამზადებელი და გამავრცელებელი, მათ დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ, რესპუბლიკელები, ამ პასუხისმგებლობის ტვირთს, როგორც სახელისუფლო კოალიციის წევრი პარტია, ვერ გავექცევით.

 თუ მსგავსი პრაქტიკა კიდევ გაგრძელდება, არ იქნება კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილი და დასჯილი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება, დავარწმუნოთ ვინმე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების უსუსურობის ან თანამონაწილეობის გამოვლინება.

 ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით მანიპულირების ამაზრზენ პრაქტიკას.

 სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც.

 „სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე.

 ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი.

 თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას.

 არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!, - წერს ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.