პოლიტიკა
„ის, რაც მოხდა, არის მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე“ – პრემიერ-მინისტრის განცხადება

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას.

 „ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენსქვეყანას და, პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა. ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი!

 ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს.

 ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით  -  პირობას გაძლევთ,   უმკაცრესად აგებთ პასუხსკანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი  სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს! სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს.

 მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს - პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად  გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია.

 სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი  ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

 პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.