საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს გორის ტერაქტში ბრალდებულები გადასცა, რომლებიც სასჯელს 11 წლის განმავლობაში იხდიდნენ. 2005 წელს მომხდარ აფეთქებას გორის პოლიციასთან 3 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაიჭრა.
ტყვეთა გაცვლის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ საქართველოს მხარემ 8 ტყვე - სოხუმიდან, ხოლო 5 ცხინვალიდან მიიღო.
13 ქართველ ტყვეში ვერ მოხვდა გიორგი ლუკავა, რომელიც უკვე 5 წელია, სასჯელს ოკუპირებულ აფხაზეთში იხდის. ზაქარეიშვილის განმარტებით, უარი გაცვლაზე მან თვითონ განაცხადა. საპირისპიროს ამტკიცებს გიორგი ლუკავას მეუღლე. ლალი ლუკავას ინფორმაციით, ქართველი ტყვეების გაცვლა თბილისის მიერ ტერორიზმში ბრალდებულ მერაბ ყოლბაიაზე, მეტსახელად კოჭოიაზე უნდა მომხდარიყო.
არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება პატიმრობაში და შესაძლოა, მოლაპარაკების შემდეგ მათი გაცვლაც მოხდეს.
პაატა ზაქარეიშვილმა ტყვეების გაცვლაზე განმარტებები გააკეთა და გამორიცხა, რომ მოლაპარაკებაში მოსკოვის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.
„რუსული ფაქტორი არ გაჩენილა. მე არასდროს მქონია კონტაქტები რუსეთიდან არანაირ ფიგურასთან. ქართულ-აფხაზურ დონეზე წყდებოდა ყველაფერი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.