საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს ეხმაურება.
შესაბამის მიმართვას დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"შეშფოთება, აღშფოთება და გამოძიების დაწყება აღარ არის ადეკვატური რეაგირება ისეთი გადაგვარებული ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შექმნა, ვინც დაამონტაჟა, ვისაც დასაწყობებული აქვს და ვინც საზოგადოებას მიზანმიმართულად წამლავს ამგვარი მასალების გამოქვეყნებით.
მივმართავ პროკურატურის, პოლიციის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებს, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით და გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ ვუმკლავდებით ამ საშინელ პრობლემას. ამიტომ გთავაზობთ, მიმართოთ საგანგებო ზომებს და ამგვარი შემთხვევები განიხილოთ, როგორც მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის აქტები. შესაბამისად, დანაშაულსაც ვებრძოლოთ ისე, როგორც ებრძვიან ტერორიზმს:
ა) ტექნიკური დახმარებისთვის მიმართეთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ქსელებს. შეუძლებელია, ჩვენს შემთხვევაში საქმე გვქონდეს იმ დონის ინტერნეტ-კონსპირატორებთან, რომ აღნიშნულმა სპეციალისტებმა ვერ დაადგინონ მასალების წარმოშობის და გავრცელების ადგილი და სხვა დეტალები.
ბ) დააწესეთ მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს. საქართველოს პარლამენტი მზად იქნება, სერიოზული წვლილი შეიტანოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში", - აღნიშნულია დავით უსუფაშვილის მიმართვაში.