სამართალი
შს სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევის ევროპული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო Holiday Inn-ში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ესწრებოდა, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 კონფერენციაზე ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევის ევროპული ცენტრის, აშშ-ის, უნგრეთის, უკრაინის, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს.

 აღნიშნული პრეზენტაციები ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის ტენდენციებსა და გამოწვევებს, კორუფციის, ტრეფიკინგის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, უწყებათა შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მნიშვნელობის საკითხებს მოიცავდა.

 კონფერენციაში პარტნიორი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.