აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს

  საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. IV მექანიზებული ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას საზეიმო ვითარებაში გადასცა. დროშის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

 „წარმატებები მინდა ვუსურვო ვიცე-პოლკოვნიკ ხვიჩიას. ის ერთ-ერთი სანიმუშო ოფიცერია ქართულ ჯარში. რაც შეეხება შალვა ჯაბახიძეს, ის, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. სწორედ ამიტომ შეჩერდა ჩვენი არჩევანი მასზე, რომ ამ რეფორმის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ჩავაბაროთ ქვეყნის დასავლეთ შეიარაღებული ძალების მიმართულება. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია 1979 წლის 26 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო კურსი.

 2000 წელს დაამთავრა გერმანიის ოფიცერთა სკოლა. 2009 წელს გერმანიაში გაიარა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული მაღალი დონის უსაფრთხოების კურსი. 2012 წელს აშშ-ში დაამთავრა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (CGSG)

 2013-2014 წლებში მონაწილეობდა ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში.

 დაჯილდოებულია უწყებრივი მედლებით - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“. ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი და უწყებრივი მედალი „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“.